აშშ-მა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, სავიზო შეზღუდვები შეეხება ქართული ოცნების მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების წარმომადგენლებსა და ასევე, ინდივიდუალურ პირებს.
განცხადებაში ენტონი ბლინკენი მიუთითებს, რომ აშშ ამზადებს დამატებით მოქმედებებსსაც, მათ შორის სანქციებს მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას უთხრის ძირს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი მოქმედება შეეხება დაახლოებით 20-მდე ადამიანს, მათ შორის პირებს, რომლებიც მთავრობაში მინისტრების თანამდებობას იკავებენ და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების წარმომადგენლებსა და ასევე ინდივიდუალურ პირებს.
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია ქართული ოცნების მიერ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პროტესტის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველ ხალხს უზომოდ სურს და რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვისწრაფვით, დავინახოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვასა ან თანამონაწილეობაში დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით მოქმედებებსაც, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვსურს ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, მყარად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება მანამდე გამოცხადებულ ქმედებებს, რომელიც ეხება ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფ 100-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.