აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხარჯების შემცირების ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საკონსულოს დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარი შესაძლოა შეეხებოდეს კანადის, მექსიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე მდებარე საკონსულოებს. იმ საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომლებიც შეიძლება ევროპაში დაიხუროს, გერმანიასა და საფრანგეთში მდებარეობს.
წყაროების თქმით, ტრამპმა განიხილა საკონსულოების სია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ასევე არ არის განსაზღვრული მათი სავარაუდო დახურვის დრო. სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულოებისგან გამოითხოვა მათი ზოგადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეაფასოს “დიპლომატიური აუცილებლობა.”
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალების შესაბამისად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) ეძებს ბიუჯეტის ხარჯვისა და ბიუროკრატიის შემცირების გზებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ “მილიარდების დასაზოგად” ტრამპი საგარეო დახმარების სააგენტოს (USAID) დაშლას აპირებს.