აშშ-მა შესაძლოა, რუსული ნავთობის მყიდველ ქვეყნებს 500-პროცენტიანი ტარიფი დაუწესოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის თანახმად, რუსეთისა და რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს.
დოკუმენტის თანახმად, სანქციები მოიცავს 500-პროცენტიან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს და ურანს ყიდულობენ. სანქციები ასევე აუკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის სუვერენული ვალის შეძენას.
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასახმარებლადაა განკუთვნილი.
„მან თავისი იმედგაცრუება გამოთქვა. მე ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, საპატიო და სამართლიანი გზით მსურს. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია, მაგრამ ეს სანქციები ასახავს იმ შეხედულებას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
ამერიკელმა სენატორმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „უზარმაზარ შეცდომას უშვებს ტრამპთან თამაშით, ამიტომ ეს კანონპროექტი პრეზიდენტის არსენალში არსებული იარაღია“.
1tv.ge
