აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება შეაჩერა, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, „ცეზარის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეჩერდა.
ამასთან, ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შეჩერება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებს არ შეეხება.
„სახელმწიფო მდივანმა „ცეზარის აქტის“ სანქციები 180 დღით ნაწილობრივ შეაჩერა. ეს არ ვრცელდება რუსეთისა და ირანის მთავრობებთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებზე, ასევე, რუსული ან ირანული წარმოშობის საქონლის, ტექნოლოგიების, პროგრამების ან დაფინანსების გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, „სირიის სამოქალაქო დაცვის აქტი“ იგივე „ცეზარის აქტი“ აშშ-ის კონგრესმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა, ხოლო ძალაში 2020 წლის იანვარში შევიდა. აქტის თანახმად სანქციები სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გარემოცვას, მასთან დაკავშირებულ კოპმანიებსა და ინსტიტუტებს დაუწესდა. „ცეზარის აქტის“ გაუქმებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა პრეზიდენტს კანონპროექტის დებულების შესაბამისად სანქციების შეჩერება შეუძლია.




