აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 14 პირსა და მათი ოჯახის წევრებს კორუფციასთან კავშირის გამო და ერთ პირს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული პირები აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებენ.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად, ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო 9 ფიზიკურ პირსა და 19 სამართლებრივ ერთეულს და ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სირიასა და იემენში ორ ფიზიკურ პირსა და ერთ სამართლებრივ ერთეულს სანქციები დაუწესა.
„აშშ ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობის ერთგულია და ხაზინა ამაყობს, რომ ამ მიზნით ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ხანგრძლივი ისტორია გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა.
ipn.ge