„აშშ-მა სახიფათო ომი დაიწყო“ – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახიფათო ომი წამოიწყო ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ირანის საგარეო უწყება ავრცელებს, აღნიშნულია:
„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უღალატა დიპლომატიას და ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო -ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის საგარეო უწყება ასევე მიმართავს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ “სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.
აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული იბიექტების დაბომბვას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც და დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ფორუმი