აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა.
„ვენესუელის ხალხმა 28 ივლისს თავისი ნება გამოხატა და ედმუნდო გონსალესი პრეზიდენტად აირჩია. დემოკრატია ითხოვს ამომრჩეველთა ნების პატივისცემას“, — დაწერა ბლინკენმა X-ზე.
„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ვენესუელელის სუვერენული ნების აღიარებისთვის”, — დაწერა გონსალესმა X-ზე ბლინკენის პოსტის საპასუხოდ.
შეერთებული შტატები არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას, რომელიც ვენესუელის 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. მაშინ, როცა ეგზიტპოლები საპირისპირო მონაცემებს აჩვენებს, ოპოზიცია არ ენდობა ოფიციალურ შედეგებს და გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აცხადებს. არაერთი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას და შედეგების სამართლიან შემოწმებას ითხოვს. დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის გაერომ, მოუწოდეს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ ხმის მიცემის ჩანაწერები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე, რაც ვენესუელამ არ გააკეთა.
