აშშ-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) შენატანები შეაჩერა, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო ხარჯის შემცირებას ცდილობს.
ამის შესახებ სააგენტო, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს მიერ მოპოვებულ WTO-ს 21 თებერვლის დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ორგანიზაციის მიმართ აშშ-ის დავალიანება 22,7 მლნ შვეიცარიულ ფრანკს (25,70 მლნ დოლარს) შეადგენდა. შეერთებული შტატები WTO-ს ბიუჯეტში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
ჟენევაში ბაზირებული სავაჭრო ორგანიზაციის 2024 წლის ბიუჯეტი 205 მლნ შვეიცარიულ ფრანკს (232,06 მლნ დოლარს) შეადგენდა. შენატანების სისტემის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ვაჭრობაში აშშ-ის წილის პროპორციულია, ქვეყანას ორგანიზაციაში ამ თანხის, დაახლოებით, 11% უნდა შეეტანა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, 4 მარტს, ბიუჯეტის საკითხზე გამართულ WTO-ს სხდომაზე აშშ-ის დელეგატმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2024 და 2025 წლების საბიუჯეტო შენატანებს მანამ აჩერებს, ვიდრე ორგანიზაცია ამ საგადასახადო სისტემას არ გადახედავს.
სავაჭრო სფეროს წყარომ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან დაფინანსების ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში WTO “გეგმა B-ს” ავითარებს.
ორგანიზაციის წესების თანახმად, ნებისმიერი წევრი, რომელიც მოსაკრებელს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იხდის, საჯარიმო სანქციებს ექვემდებარება, ხოლო შენატანის გადაუხდელობის გახანგრძლივებასთან ერთად ეს სანქციები უფრო მკაცრდება.
ამჟამად აშშ დამრღვევების სამი კატეგორიიდან პირველს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის წარმომადგენლები WTO-ს ორგანოებს ვეღარ უხელმძღვანელებენ და ოფიციალურ დოკუმენტაციასაც ვეღარ მიიღებენ.
2024 წლის ბოლოსთვის ამ კატეგორიაში კიდევ ხუთი წევრი ქვეყანა, კერძოდ, ბოლივია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, გაბონი და გამბია შედიოდა.
2024 წლიდან და მანამდე პერიოდის მდგომარეობით, გადაუხდელი შენატანების მთლიანმა ოდენობამ 38,4 მლნ შვეიცარიული ფრანკი, ანუ 43,47 მლნ დოლარი შეადგინა.
www.bpn.ge
