ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა ერაყში დარტყმები განახორციელა დრონით თავდასხმის პასუხად, რომლითაც ირანთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაჭრა.
ურთიერთსაპასუხო დარტყმებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ისრაელ-„ჰამასის“ ომის ტალღოვანი ეფექტი ახლო აღმოსავლეთში, სადაც ერაყში და სირიაში განლაგებული ამერიკული ძალები სამიზნედ გადაიქცნენ.
ერაყის და სირიის ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ღაზაში ისრაელის კამპანიას ეწინააღმდეგებიან და შეერთებულ შტატებს ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ.
ერაყის ერბილში განლაგებულ ამერიკულ ბაზას, ორშაბათს ერთჯერადი გამოყენების დრონით დაესხნენ თავს, რასაც სამხედრო მოსამსახურეების დაჭრა მოჰყვა.
ეს ბაზა თავდასხმების განმეორებითი სამიზნეა. ოქტომბერში ერბილის ბაზის ყაზარმებს თავს დაესხნენ ასევე დრონით, რომელმაც ანტისაჰაერო დაცვის გარღვევა შეძლო, თუმცა არ აფეთქდა.
თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ ბაიდენს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შესახებ ორშაბათს შეატყობინეს და პრეზიდენტმა პენტაგონს ამაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ საპასუხო მოქმედების ვარიანტების მომზადება უბრძანა.
რთულია იმის თქმა, შეაკავებს თუ არა ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ამერიკული ძალების წინააღმდეგ ქმედებს, რომელიც ერაყში და სირიაშია განლაგებულია, რათა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახალი გაძლიერება არ დაუშვას.