აშშ-მა და ევროკავშირმა 27 ივლისს მიაღწიეს სატარიფო შეთანხმებას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული მოკლე შეხვედრის შემდეგ.
რამდენიმე დღეში იწურებოდა თეთრი სახლის მიერ დაწესებული ბოლო ვადა სადამსჯელო ტარიფების შემოღებაზე 27-წევრიანი ევროკავშირისთვის, რომელიც ამერიკისთვის მთავარი გლობალური სავაჭრო პარტნიორია.
“ეს იყო ძალიან საინტერესო მოლაპარაკება. ვფიქრობ, ის შესანიშნავი იქნება ორივე მხარისთვის”, – თქვა ტრამპმა.
მოლაპარაკების მიზანი იყო თავიდან ყოფილიყო არიდებული სავაჭრო ჯარიმები და ევროპის მხრიდან დაპირებული სამაგიერო ზომები, რასაც მასშტაბური გლობალური რყევების გამოწვევა შეეძლო.
ტრამპმა და ფონ დერ ლაიენმა შეხვედრა გამართეს შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მიაღწიეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას.
ტრამპის თქმით, აშშ ევროკავშირს იმპორტზე დაუწესებს 15-პროცენტიან ტარიფს – და არა 30 პროცენტს, როგორც ეს შეთანხმების მიუღწევლად იქნებოდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი დათანხმდა აშშ-სგან ენერგორესურსების შესყიდვას 750 მილიარდი დოლარის მოცულობით, აშშ-ის ეკონომიკაში კიდევ 600 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ასევე აშშ-სგან იარაღის შესყიდვას.
ფორუმი
