13 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ბელორუსული კალიუმის ინდუსტრიის მიმართ სანქციების მოხსნის შესახებ, რომელიც მინსკის სავალუტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამის შესახებ აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბელარუსში, ჯონ კოულმა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ ხსნის კალიუმზე სანქციებს. ვფიქრობ, ეს აშშ-ს მხრიდან ბელორუსისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა ვაუქმებთ მათ“, – ციტირებს კოულის სიტყვებს ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA.
საპასუხოდ, ლუკაშენკომ ციხიდან გაათავისუფლა 123 ადამიანი, რომლებიც „ჯაშუშობაში, ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში“ იყვნენ მსჯავრდებულნი. შეწყალებულებს შორის ბელარუსის ოპოზიციის წევრებიც არიან.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ კალიუმის ქლორიდი ბელორუსის ერთადერთი მინერალია, რომელიც უხვად მოიპოვება და მისი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია. სააგენტო წერს, რომ „ბელორუსკალი“ ამ სასუქის მსოფლიოში ოთხი უმსხვილესი მწარმოებელიდან ერთ-ერთია, რუსულ „ურალკალის“, კანადურ „ნუტრიენს“ და ამერიკულ „მოზაიკასთან“ ერთად. მსოფლიოში წარმოებული კალიუმის ქლორიდის 95 პროცენტი სასუქად გამოიყენება, რაც ასტიმულირებს მცენარეთა ზრდას, ზრდის მოსავლიანობას და დაავადებებისადმი მდგრადობას და ამცირებს წყლის მოხმარებას. კალიუმის ქლორიდი ასევე გამოიყენება სხვადასხვა ქიმიკატების წარმოებაში.
ცნობისთვის, 2021 წელს ბელარუსზე კალიუმის ქლორიდის გლობალური წარმოების დაახლოებით 20% მოდიოდა. თუმცა, 2021 წლის 9 აგვისტოს, OFAC-მა დააწესა ბლოკირების სანქციები „ბელორუსკალის“ წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კალიუმის სასუქის მწარმოებელი იყო.




