„აშშ-მა არჩევნებზე ჯერ მხოლოდ შუალედური განცხადება გააკეთა“ – დენ ფრიდი

ამერიკელი გადამდგარი დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, დენ ფრიდი ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე შეერთებულ შტატებს საბოლოო განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.
„სახელმწიფო მდივნის განცხადებას მე „შუალედურ განცხადებას“ ვუწოდებდი. მას არ გამოუხატავს საბოლოო პოზიცია არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ის დაეყრდნო სხვა დამკვირვებლებს, უპირველესად ეუთო/ოდირს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს. არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი ან სამართლიანი. ენტონი ბლინკენს ეს არ გაუკეთებია, უთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არა“, – ამბობს ფრიდი და ამატებს, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის.
ფრიდის თქმითვე, არ აქვს დიდი იმედი, რომ ხელისუფლება „არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებს“ გამოასწორებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. სანდო ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ ოპოზიციას ერთობლივად ჰქონდა უმრავლესობა, „ოცნებას“ კი უმცირესობა. ეს შედეგები „ცესკომ“ ამოაყირავა, ისეთნაირად, რაც არ არის მაინცდამაინც სანდო. და იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა ის, რომ ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა“, – აცხადებს ფრიდი.