ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ვაშინგტონი მცდელობას აგრძელებს. ამოს ჰოხშტეინი, რომელიც თეთრ სახლს წარმოადგენს ბეირუთში იმყოფებოდა და შეხვედრა გამართა ლიბანის მთავრობასთან. ცნობილია, რომ ლიბანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ მზად არიან ამერიკის შეერთებული შტატების ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა გარკვეული შესწორებებით.
„მე დავბრუნდი რადგან გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. „ახლა ეს ჩვენს ხელთ არის,“- ამბობს ჰოხშტეინი და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოხერხდება.
ჰოხშტეინი რომელიც უკვე მეორე წელია ცდილობს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ამბობს, რომ „ეს არის გადაწყვეტილების მიღების მომენტი“, მაგრამ განმარტავს, რომ „საბოლოოდ მხარეებზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება“.
მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრობენ ისრაელის მთავრობაშიც. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ელი კოენი ამბობს, რომ „მოლაპარაკებები ლიბანთან შეთანხმების შესახებ გრძელდება “. კოენი აქვე განმარტავს, რომ შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია ისრაელის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, „ჰეზბოლას“ მებრძოლებისგან გათავისუფლდეს საზღვრისპირა ქალაქები ლიბანში.
მოლაპარაკებები ემთხვევა მიმდინარე ომის აქტიურ ფაზას- ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ბომბავს , მათ შორის, საჰაერო იერიშებს ახორციელებს დედაქალაქ ბეირუთზე. ისრაელში ამბობენ, რომ ეს არის საპასუხო რეაქცია „ჰეზბოლას“ ქმედებებზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ბომბავდა ისარელის ტერიტორიებს, რის გამოც ისრაელს საზღვრისპირა ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოუწია.