აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა.
მედიის ინფორმაციით, კონგრესის ქვედა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ,გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221 ხმით 212 წინააღმდეგ დაამტკიცა.
„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ რეზოლუცია მათ მეტ უფლებამოსილებას მისცემს მტკიცებულებების შეგროვებისა და სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებისთვის.
წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ხელმძღვანელობენ, ჯო ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტობის დროს ქრთამისა აღებასა და კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს, თუმცა მათ, ბაიდენის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკს უწოდებს.
„იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ჩემზე ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ისინი ირჩევენ დროის დაკარგვას ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკზე, რომელთან დაკავშირებითაც კონგრესის რესპუბლიკელებიც კი აღიარებენ, რომ არ არის მხარდაჭერილი ფაქტებით“, – განაცხადა ბაიდენმა კენჭისყრის შემდეგ.