აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში, ამოს ჰოკსტინი, ისრაელში იმყოფება და ლიბანში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას.
მისი წარმომადგენლის თქმით, ჰოკსტინი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას ჯარებს შორის მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა.
ზავის პირობად მან დაასახელა გაეროს 2006 წლის რეზოლუციის შესრულება და ქვეყნის სამხრეთში ლიბანის არმიის განთავსება. ჰეზბოლას ახალმა მეთაურმა ნაიმ ყასემმა მზადყოფნა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ოღონდ გარკვეული პირობებით. გაეროს რეზოლუცია 1701 კრძალავს ისრაელთან საზღვრისპირა არეალში ჰეზბოლას მეომრების ყოფნას.
მედიის ცნობებით, აშშ-ის წინადადება გულისხმობს ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანას შვიდი დღის განმავლობაში. მათ ნაცვლად ლიბანის სამხრეთში, ისრაელთან საზღვრისპირა არეალში, მალევე უნდა განთავსდეს ამ ქვეყნის რეგულარული არმიის ათი ათასი ჯარისკაცი.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მისი მხოლოდ სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
ფორუმი
