შეერთბული შტატების მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირიც აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას, სადაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გარდამავალი მთავრობა დამტკიცდა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ“, – დაწერა 20 მაისს კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
„ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის ხელახლა აშენებაში. ევროკავშირი ბოლო 14 წლის განმავლობაში ყოველთვის სირიელების გვერდით იდგა და ასეც გააგრძელებს“, – წერს კაია კალასი X-ზე.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც და დაწერა: „მივესალმები სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას“.
მისი თქმით, აღდგენის გზა „ჯერ კიდევ გრძელია“, მაგრამ „ევროპა მზადაა სირიასთან ერთად ითანამშრომლოს ამ გზაზე“.
„ჩვენ გვსურს ვიყოთ პარტნიორები სირიის ზრდაში, რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. შერიგება აღდგენითი პროცესისკენ გადადგმული პირველი, გადამწყვეტი ნაბიჯია“, – დაწერა მან X-ზე.
ერთი კვირით ადრე, 2025 წლის 13 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სირიისათვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე დღეს, 14 მაისს, ტრამპი საუდის არაბეთში არაოფიციალურად შეხვდება სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც – ყოფილ მეამბოხეს, რომელმაც გასულ წელს ყოფილი ლიდერი ბაშარ ასადი დაამხო.
