აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 37 წლის კაცი მოკლეს – ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს – CNN წერს, რომ 37 წლის ალექს პრეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთნად მუშაობდა. უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახურის აგენტმა 37 წლის კაცი თავდაცვის მიზნით მოკლა. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო'ჰარას თქმით, მოკლული აშშ-ის მოქალაქეა, რომელსაც თან ჰქონდა იარაღი, რომელიც კანონიერად ჰქონდა შეძენილი.
“კიდევ რამდენი ამერიკელი უნდა მოკვდეს ან სერიოზული დაზიანებები მიიღოს, რათა ეს ოპერაცია შეწყდეს?” | თქვა მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ.
ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „ეს არის მსროლელის იარაღი, დატენილი (ორი დამატებითი სავსე მჭიდით!) და მზადაა გამოსაყენებლად – რა არის ეს ყველაფერი? სად არის ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მიეცათ მათ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? ნათქვამია, რომ ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაოს შესრულების უფლება, რომ ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა – ეს ადვილი საქმე არ არის!“ – დაწერ ტრამპმა.
მან პროტესტის გამწვავებაში მინეაპოლის მერი და მინესოტის გუბერნატორი დაადანაშაულა: „ის, რასაც თქვენ ხედავთ, ამ ქურდობისა და თაღლითობის დაფარვაა. მერი და გუბერნატორი თავიანთი პომპეზური, საშიში და ამპარტავნული რიტორიკით აჯანყებას აქეზებენ! ამის ნაცვლად, ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა სულელებმა უნდა ეძებონ მილიარდობით დოლარი, რომელიც მინესოტის და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს მოჰპარეს. მიეცით ჩვენს ICE-ის პატრიოტებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე! 12 000 არალეგალი უცხოელი დამნაშავე, რომელთაგან ბევრი მოძალადეა, დააკავეს და მინესოტიდან გაიყვანეს. ისინი რომ ისევ იქ ყოფილიყვნენ, დღეს არსებულზე გაცილებით უარესს იხილავდით!” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი




