აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით გააუქმოს საგარეო დახმარების დაფინანსების შეჩერება

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დროებით გააუქმოს საგარეო დახმარების დაფინანსების შეჩერება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მოსამართლე ამირ ალიმ დროებითი განკარგულება ორი ორგანიზაციის – AIDS Vaccine Advocacy Coalition-ისა და Global Health Council-ის მიერ წარდგენილი სარჩელის შედეგად გამოსცა.
როგორც მოსამართლე აღნიშნავს, ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეაჩერა USAID-ის დახმარების ათასობით პროგრამის დაფინანსება თითოეული მათგანის დეტალური შემოწმებისთვის. თუმცა, მოსამართლის ცნობით, ადმინისტრაციას არ წარუდგენია არანაირი განმარტებები, რატომ იყო საჭირო კონგრესის მიერ დამტკიცებული საგარეო დახმარების სრული შეწყვეტა – რამაც გამოიწვია შოკური ტალღა და თავდაყირა დააყენა კონტრაქტები ათასობით არაკომერციულ ჯგუფთან, ბიზნესთან და სხვებთან – რაციონალური წინაპირობა პროგრამების გადასახედად.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ ვერ აჩვენა, რომ აქვთ რაციონალური მიზეზი, უგულებელყონ უამრავი მცირე და მსხვილი ბიზნესი, რომლებსაც მოუწევთ პროგრამების დახურვა ან საქმიანობის შეწყვეტა. მოსამართლის დადგენილება ასევე უკრძალავს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს მუშაობის შეჩერების განკარგულებების აღსრულებას, რომლებიც იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს დაეგზავნათ, რომლებიც საგარეო დახმარების პროგრამებს ახორციელებენ.
მოსმართლის განკარგულება ვრცელდება იმ კონტრაქტებზე, რომლებიც გაფორმებულია 20 იანვრამდე, ანუ ვიდრე დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ განკარგულებას მოაწერდა ხელს.
მანამდე, სხვა საქმეზე მოსამართლე კარლ ნიკოლსმა ერთი კვირით გაახანგრძლივა თავისი განკარგულება, რომლითაც შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები USAID-ის თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
1tv.ge