აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების მოხსნას ითხოვს – Politico

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების მოხსნას უჭერს მხარს. ამის შესახებ Politico-მ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.
ამავდროულად, აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივან დაგ ბურგუმს სურს რუსეთის ენერგეტიკული ბაზრიდან გამოდევნა, რათა შეიქმნას წინაპირობები აშშ-ის ექსპორტის გაზრდისთვის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ინვესტორები გერმანულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რუსული კომპანია „როსნეფტის“ წილის გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
გარდა ამისა, რუსეთი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განახლებისთვის. ომის დასრულების შემთხვევაში, ეს შეიძლება ქვეყნებს შორის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი გახდეს.
გამოცემის ცნობით, ეს მოვლენები ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ გეგმავს და 2027 წლისთვის რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენებაზე თანდათანობით უარის თქმას ითხოვს.