აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ასიათასობით სახელმწიფო მოხელისთვის ანაზღაურებას ითვალისწინებდა საბიუჯეტო კრიზისის პირობებში. კონგრესის ზედა პალატაში, რომელშიც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია, დოკუმენტს კენჭისყრაში მხარი დაუჭირა 53-მა სენატორმა 43-ის წინააღმდეგ. მაგრამ მის მისაღებად მინიმუმ 60 ხმა იყო საჭირო. დემოკრატების უმრავლესობამ წინააღმდეგ უყარა კენჭი, თუმცა სამმა დემოკრატმა მას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა თანახმად, ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალზე დიდ თავისუფლებას აძლევს, რათა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი კატეგორიის თანამშრომლებმა უნდა მიიღონ ხელფასები. ბიუჯეტის ამჟამინდელი ბლოკირება, ე.წ. „შატდაუნი“, 1 ოქტომბერს დაიწყო და ის ყველაზე ხანგრძლივია აშშ-ის ისტორიაში.
კრიზისის მიზეზია ფედერალური მთავრობის დაფინანსების გადაუწყვეტელი საკითხები. დემოკრატები ითხოვენ, რომ ბიუჯეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება შეიცავდეს ასევე სუბსიდიების გაგრძელებას 24 მილიონი ამერიკელისთვის. რესპუბლიკელები კი მოითხოვენ, რომ ჯერ ბიუჯეტი იქნეს მიღებული და მერე გადაწყდეს ჯანდაცვის დაფინანსების საკითხი.
„შატდაუნის“ გამო აშშ-ის ფედერალური სამსახურების 750 ათასამდე თანამშრომელი იმყოფება უხელფასო შვებულებაში, ათასობით თანამშრომელი კი ანაზღაურების გარეშე განაგრძობს მუშაობას.
ფორუმი




