ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ის საკუტარ გვერდზე გამოაქვეყნდა. ის თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.
“ჩამოვედი თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის მათი [ხალხის] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს”, – წერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს გამართავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, “რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ღრმა შეშფოთებას, “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა”.
