მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“.
„მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
