საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ჯონათან ასკონასი სტუმრობს.
საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია განხილვა, თუ როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში. მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.




