აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ჯონათან ასკონასი ხელმძღვანელობს, “ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა რომ “საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის”.
“შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი საქართველოში იმყოფება, იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრაზეც ამ საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულება განიხილეს
“აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტაციის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ.
სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და „ტრამპის მარშრუტზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სასაუბროდ, გუშინ, 17 ნოემბერს, ერევანში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერი.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
საქართველო აშშ-ის ურთიერთობები მოკლედ
· შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
· 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
· 1 სეტემბერს დონალდ ტრამპს წერილი მისწერა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმაც.
ფორუმი




