აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის ალიანსის წევრებთან – ნიკა გვარამიასთან, თინა ბოკუჩავასთან და ლევან ცუცქირიძესთან, ასევე, ლელო-ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანთან, გრიგოლ გეგელიასთან და გახარია-საქართველოსთვის წევრთან, ანა ბუჩუკურთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს.
“რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე, ყველაზე […] ისიც აღვნიშნეთ, რომ სტუმრის აქ ყოფნის პირობებში, გუშინ ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი და აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდება სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და ქართული ოცნების პოზიციის მისთვის დანახება – რომ დემოკრატიის მიმართულებით არავითარი დათმობა არ იქნებაო […] ვუთხარით, რომ ჩვენ ტყვეებით არ ვივაჭრებთ, უკან არ დავიხევთ, დიდი აქციები იქნება […]
ასევე, მათთვის ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არაა, ვისაც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, შავ ზღვაზე რომელიმე დასავლური დემოკრატიის ინტერესი იყოს. ეს ჩემი სიტყვები ხომ არაა, თავად აქვს ნათქვამი, რომ შავ ზღვაზე ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ. ამიტომ, ვიდრე ამ ქვეყანაში ივანიშვილია, არავითარი ანაკლიის პორტი და მარშრუტი კასპიიდან შავ ზღვამდე საქართველოში არ იქნება […] ჩვენი განმარტება მკაფიო იყო, რომ სანამ ივანიშვილი აქ არის, ეს არ მოხდება და ამიტომ უნდა იყოს ცვლილება […] საქართველოს შემთხვევაში, ეკონომიკური საკითხები დემოკრატიული პროცესებისგან განყენებული ვერ იქნება”. – თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ანდრეოლის ანაკლიაში ჩასვლა მიანიშნებს, რომ აშშ-სთვის ანაკლიის პორტი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ეს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერც მოემსახურება.
“თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ის ინტერესები რეგიონში ასე გაძლიერებულია”. – თქვა ბოკუჩავამ.
კომენტარი გააკეთა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.
“მის მიმართ ჩემი თხოვნა იყო, რომ იქნებ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის საერთოდ გაუქმება ან შემსუბუქება მოხერხდეს […] ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტიკური პატიმრების საკითხზე”. – ამბობს ცუცქირიძე.
ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მათ შეხვედრაზე განიხილეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
“ჩვენ ძალიან ფართო მიმოხილვა გვქონდა იმ მძიმე გამოწვევების, რაც დღეს ჩვენს დემოკრატიას გააჩნია – პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის მოსპობის, პოლიტიკური პარტიების გაუქმების მცდელობის, რაც ქართულ ოცნებას აქვს […] ქოცური რეჟიმი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი არ არის […]
ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული მძიმე და სერიოზული გეოპოლიტიკური ვითარება. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი აქცენტი შუა კორიდორზე გავაკეთეთ, რადგან აშშ შუა კორიდორით ძალიან დაინტერესებულია. დაინტერესებულია იმით, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებული იყოს და საქართველოს ეროვნულ და პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს ემსახურებოდეს”. – თქვა გეგელიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში 23 მარტს ჩამოვიდა.