დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიული ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
რას ეხება სანქციები?
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
ბიძინა ივანიშვილის ქონება, – Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, – 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.
რა არის განკარგულება #14024
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ – როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:
· „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
· ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.
გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:
· ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
· ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
· ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ