უკრაინისთვის განკუთვნილმა აშშ-ის სამხედრო დახმარებამ დაიწყო მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა საუდის არაბეთში – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.
სიკორსკი ჟურნალისტებს ვარშავაში ელაპარაკა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად – რომელიც 12 მარტს დაბრინდა ჯიდაში გამართული მოლაპარაკებებიდან.
“შემიძლია დავადასტურო, რომ იასიონკის გავლით იარაღის მიწოდება უწინდელ დონეს დაუბრინდა” – თქვა სიკორსკიმ, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე მინიშნებით.
ვაშინგტონმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას – მას მერე, რაც თეთრ სახლში საჯარო უთანხმოება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. დახმარების შეჩერებამ ღრმა შეშფოთება აღძრა უკრაინაში.
დახმარება განახლდა ჯიდაში ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უკრაინამ და აშშ-მა მიიღეს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება.
ვაშინგტონმა შეხვედრის შედეგები მოსკოვს წარუდგინა. “ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ახლა ესაა საქმის ვითარება” – ამბობს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრიდან 2024 წლის ბოლომდე აშშ-მა უკრაინას მიაწოდა თითქმის 123 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება.
