აშშ-ის სამხედროები დაბლოკავენ ვენესუელაში გამავალ ან შემავალ ტანკერებს იქამდე, ვიდრე ნიკოლას მადუროს რეჟიმი აშშ-ს ყველა მოპარულ ამერიკულ აქტივს არ დააბრუნებს – პიტ ჰეგსეთი
აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები დაბლოკავენ ვენესუელაში გამავალ ან შემავალ ტანკერებს იქამდე, ვიდრე ნიკოლას მადუროს რეჟიმი აშშ-ს არ დააბრუნებს „ყველა მოპარულ ამერიკულ აქტივს“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა: სანქცირებული ნავთობის ტანკერების ბლოკადა, რომლებიც ვენესუელიდან გამოდიან ან ვენესუელასკენ მიემართებიან, სრული ძალით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მადუროს კრიმინალური საქმიანობა არ დააბრუნებს ყველა მოპარულ ამერიკულ აქტივს. საომარი დეპარტამენტი აშშ-ის სანაპირო დაცვის პარტნიორებთან ერთად ურყევად ჩაატარებს საზღვაო აკრძალვის ოპერაციებს – ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ მეშვეობით – უკანონო კრიმინალური ქსელების განადგურების მიზნით. ძალადობა, ნარკოტიკები და ქაოსი ვერ გააკონტროლებს დასავლეთ ნახევარსფეროს“, – წერს ჰეგსეთი.
ცნობისთვის, ჰეგსეთმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან გემი დააკავეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობით დატვირთული გემი დააკავა. როგორც „სიენენი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, გემი პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი იყო, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა და საბოლოოდ აზიისკენ იყო მიმართული. ვენესუელა კი აშშ-ის ამ ქმედებას საერთაშორისო ტერორისტულ აქტს უწოდებს.
1tv.ge




