აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შემუშავებული „სამშვიდობო გეგმა“ სამხედრო თუ ფინანსურ საკითხებთან ერთად, მოიცავს რუსული ენის უკრაინის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარებას და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას უკრაინაში, – ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
FT-ის ცნობით, ამერიკული გეგმა რუსულ მხარესთან ერთად შემუშავდა. გაზეთმა აღნიშნა, რომ ის ამ კვირაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკოფმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, მაიამიში გადასცა.
გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახევრებას, უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გასვლას, ზოგიერთი იარაღის გამოყენებაზე უარის თქმას და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებას.




