საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები სრულიად მცდარია.
“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მამუკა მდინარაძემ დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩარევაში დაადანაშაულა. მან საქართველოში აშშ-ის საელჩოს შტატებში ახლად არჩეული ხელისუფლების “ქვედა რგოლი” უწოდა და თქვა, რომ “საელჩოს მოქმედება აცდენილია [ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებებს].
“ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში. თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარ კამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს… […]
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება”, – თქვა მან.