აშშ-ის საელჩო საქართველოში აქვეყნებს ვიდეოს დონალდ ტრამპის 14 ივლისის შეხვედრიდან ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ალიანსთან მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.
შეთანხმების მიხედვით, ნატოს ევროპელი მოკავშირეები შეერთებული შტატებისგან შეიძენენ მილიარდობით დოლარის სამხედრო შეიარაღებას უკრაინისთვის.
„ჩვენი ერთი თვის წინანდელი შეხვედრა [მარკ რუტესთან] ძალიან წარმატებული იყო. ისინი 5%-ს დასთანხმდნენ, რაც წელიწადში ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ეს მდიდარი ქვეყნებია, მათ აქვთ შესაძლებლობა და სურთ ამის გაკეთება. ისინი ძალიან მოწადინებული არიან და ჩვენც ძალიან მოწადინებული ვართ. მაგრამ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი გავიღეთ და ახლა აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენ ვქმნის საუკეთესოს და გავუგზავნით საუკეთესოს ნატოს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დონალდ ტრამპის მოთხოვნა, ნატოს ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯები გაეზარდათ, გლობალური ომის პარტიას მიაწერა.
„ოცნების“ მტკიცებით, „გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს — ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც“.
„უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის — ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის დასუსტებასთან, რა თქმა უნდა ეს პროცესები ასეთი შედეგით დასრულდება. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ გააცნო.
