აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ხელს შეუწყობს რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ძალისხმევას, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მას სჭირდება მომდევნო კვირების განმავლობაში საქმიანობის გასაგრძელებლად. ამით სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა იმავე სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ სულ რამდენიმე საათით ადრე მიღებული გადაწყვეტილება.
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 7 მაისს გვიან ღამით მიიღო აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ – 11 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, „ადმინისტრაციული შეჩერება“ დააწესა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე, სადაც რადიო თავისუფლება მის ზედამხედველს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უპირისპირდება.
RFE/RL-მა უჩივლა USAGM-ს მიმდინარე ფისკალური წლის მეორე ნახევრისთვის, აპრილიდან სექტემბრამდე, გაყინული საბიუჯეტო სახსრების გასათავისუფლებლად.
29 აპრილს ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლოს მოსამართლე როის ლამბერტმა USAGM-ს დაავალა თავისუფლებისათვის კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა.
შემდეგ, 7 მაისს, სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ 2-1 ხმით შეაჩერა ლამბერტის ბრძანების მოქმედება სააპელაციო საჩივრის განხილვამდე, რითაც შეამცირა რადიო თავისუფლების აპრილის დაფინანსების მიღების შანსები და კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა მის ისედაც მნიშვნელოვნად შემცირებულ საქმიანობას.
თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 11 წევრისგან შემდგარმა სასამართლომ რადიო თავისუფლების საგანგებო შუამდგომლობის პასუხად შეაჩერა კოლეგიის გადაწყვეტილება „სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“.
გადაწყვეტილებაში, რომელიც ასევე მოიცავდა USAGM-თან დაკავშირებულ სხვა სარჩელებს, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეჩერების მიზანი იყო მისთვის „საკმარისი შესაძლებლობის მიეცა საგანგებო შუამდგომლობების განსახილველად და ეს არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობების არსებით მხარეზე“.
გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 7-4 ხმით, სასამართლოს ოთხი რესპუბლიკელი მოსამართლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიშნავს, რომ USAGM-მა უნდა შეასრულოს მოსამართლე ლამბერტის 29 აპრილის ბრძანება რადიო თავისუფლებისთვის თანხის გადახდის შესახებ.
ეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის – USAGM-ს შეუძლია მისი გასაჩივრება აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, რომელსაც შეუძლია საქმის განხილვა ან განხილვაზე უარის თქმა.
გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
· რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
ფორუმი
