ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს, 6 იანვარს, ახალ ორლეანს ეწვევიან, რათა იმ 14 ადამიანის ნათესავებს შეხვდნენ, ვინც გასულ კვირას თავდამსხმელმა მოკლა.
1 იანვარს, გამთენიის 3 საათსა და 15 წუთზე, მამაკაცი დაქირავებული პიკაპის ტიპის ავტომობილით ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში, ბურბონ სთრითზე, ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ ქუაზე, დიდი სიჩქარით შევარდა. მომხდარის დროს, ასევე დაშავდა 35 ადამიანი.
ეჭვმიტანილი, შამსუდ-დინ ჯაბარი, 42 წლის სამხედრო ვეტერანია ჰიუსტონიდან. სამართალდამცავებმა ჯაბარს ესროლეს მას შემდეგ, რაც მან პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნა. ის პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა.
ბაიდენი ასევე ხვდება გამომძიებლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაბარი მარტო მოქმედებდა, თუმცა შთაგონებული იყო ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოთი და ტერაქტიც ამიტომ დაგეგმა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ჯაბარმა ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერი 5 ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, თავდამსხმელის მანქანაში ნაპოვნია ისლამური სახელმწიფოს დროშა.
თავდასხმის დღეს, მერილენდის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, კემპ დევიდიდან საუბრისას, ბაიდენმა სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს: ”მინდა იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვგლოვობ”, – თქვა პრეზიდენტმა. დღეს კი ის პირველ ლედისთან ერთად, მოკლულთა და დაშავებულთა ოჯახებს შეხვდება.