აშშ-ის ოფიციალური პირები განიხილავენ გრენლანდიელებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს, რათა დაარწმუნონ ისინი, დანიას გამოეყონ და შტატებს შეუერთდნენ – „როიტერი“
აშშ-ის ოფიციალური პირები განიხილავენ გრენლანდიელებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს, რათა დაარწმუნონ ისინი, დანიას გამოეყონ და შეერთებულ შტატებს შეუერთდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როგორ იგეგმება აღნიშნული ფინანსების გამოყოფა და გრენლანდიელებისთვის გაგზავნა, თუმცა, ორი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ერთ მოსახლეზე დაახლოებით 10 000-დან 100 000 დოლარამდე გამოყოფა იგეგმება. მათივე ცნობით, ჯამური ბიუჯეტი, რომელიც აშშ-ს შეუძლია, გრენლანდიელებს გადაუხადოს, ექვს მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ტაქტიკა თეთრი სახლის მიერ გრენლანდიის შეძენის სხვადასხვა გეგმას შორის ერთ-ერთია.
დონალდ ტრამპი, დიდი ხანია, აცხადებს, რომ აშშ-ს გრენლანდიის შეძენა რამდენიმე მიზეზის გამო სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ის მდიდარია მინერალებით, რომლებიც საჭიროა მოწინავე სამხედრო დანიშნულებისთვის. მისივე თქმით, აშშ უფლებას არ მისცემს ჩინეთსა და რუსეთს, გრენლანდიას დაეპატრონონ და ამით შტატების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან.




