აშშ-ის მხრიდან 30%-იანი ტარიფის დაწესების იდეა ამკრძალავია ორმხრივი ვაჭრობისთვის – ასეთი ტარიფები თითქმის შეუძლებელს გახდის ვაჭრობის გაგრძელებას – ევროკომისარი
ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ვაჭრობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები, 30%-იანი ტარიფის იდეა, ფაქტობრივად, ამკრძალავია ორმხრივი ვაჭრობისთვის. ასეთი ტარიფები თითქმის შეუძლებელს გახდის ვაჭრობის გაგრძელებას ისე, როგორც ვახორციელებთ, რადგან ცვლილება ძალიან დააზარალებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მდებარე მიწოდების ჯაჭვებს“, – აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
მისი თქმით, ბლოკმა სინანულითა და იმედგაცრუებით მიიღო ტარიფებთან დაკავშირებული ტრამპის წერილი, თუმცა კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ამერიკელ კოლეგებთან შემდგომ თანამშრომლობას გეგმავს.
„მინისტრებთან ერთად განვიხილავ მომდევნო კვირების შემდეგ ნაბიჯებს. ვხედავ, რომ ეს ოთხ სფეროზე იქნება ფოკუსირებული: მოლაპარაკებები, რებალანსირების ზომები, მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან თანამშრომლობა და ჩვენი ვაჭრობის დივერსიფიკაცია“, – აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.
