„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხი თუ სხვა ენერგო ინფრასტრუქტურისაც.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არსებული ატომური ელექტროსადგურები არის სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი მხოლოდ ზაპოროჟიეს შეეხო — რომელიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა უკრაინელები ამუშავებენ.
„არ ვიცი, რუსებთან თუ განიხილეს ეს საკითხი. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა, რას ვფიქრობ სადგურზე და ვუთხარი, რომ თუ უკრაინელების არ იქნება, ვერავისთვის იმუშავებს. ეს არალეგალურია. თუ ამერიკელები ფიქრობენ გამოსავალზე და უნდათ სადგურის წამოღება რუსებისგან, უნდათ იქ ინვესტირება და მისი მოდერნიზება, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ ღია ვართ ამის განსახილველად, მაგრამ საკუთრების საკითხზე ნამდვილად არ გვიმსჯელია პრეზიდენტ ტრამპთან“, — განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური ელექტროსადგურების საკითხები. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება, ძალიან დაეხმაროს ამ ქარხნების მართვაში თავისი ელექტროენერგიითა და პრაქტიკული გამოცდილებით.
„ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: netgazeti.ge
