აშშ-ის მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პერსონალის რაოდენობის და სამუშაოს მასშტაბის შემცირებას განიხილავს – Routers
აშშ-ის მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო ბიუჯეტს მეხუთედით შემცირების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პერსონალის რაოდენობის და სამუშაოს მასშტაბის შემცირებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ორგანიზაციის ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინაუგურაციის დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. აშშ ორგანიზაციის უმსხვილესი ფინანსური კონტრიბუტორი იყო. აშშ-ზე მოდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთლიანი დაფინანსების 18%. კრიზისი გაამწვავა ზოგიერთი ქვეყნის მიერ განვითარების ხარჯების შემცირებამ.
„აშშ-ის განცხადებამ, ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვის გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად დახმარების ბოლოდროინდელ შემცირებასთან ერთად, ჩვენი სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში, რომელიც 28 მარტით თარიღდება და ხელს აწერს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ორგანიზაციის შემოსავლის დანაკლისი დაახლოებით 600 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამოვიდნენ წინადადებით, რომ 2026-2027 წლებში ბიუჯეტი 21%-ით შეამცირონ, ანუ დაახლოებით 5,3 მილიარდი დოლარიდან 4,2 მილიარდ დოლარამდე.
„ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით იმ ეტაპზე,როდესაც არჩევანი არ გვაქვს, ჩვენი სამუშაოსა და სამუშაო ძალის შემცირების გარდა“, – აღნიშნულია „როიტერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში.
მედიასაშუალების ცნობით, პერსონალის შემცირება შეეხება ჟენევაში მდებარე შტაბ-ბინას, ასევე ყველა რეგიონს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 9473 თანამშრომლიდან მეოთხედი ჟენევაში მუშაობს.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ორგანიზაციის პერსონალი ცდილობს, დამატებითი დაფინანსება უზრუნველყოს სხვადასხვა ქვეყნისგან, კერძო დონორებისა და ფილანთროპებისგან.
