ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი -„უკრაინის მხარდაჭერის აქტი“- წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა წარადგინა და ის უკრაინის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველყოფასა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ეს კანონპროექტი, ცხადია, საკანონმდებლო დისკუსიის ნაწილი იქნება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-თან საუბარში.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი არის კიევის მთავრობის მხარდაჭერის მიზნით ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა და ამ ძალისხმევას დამატებითი აქტუალობა მიენიჭა კვირას, როდესაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყა მაშინ, როცა ადამიანები ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში წირვას ესწრებოდნენ. კიევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 117 დაიჭრა.
