აშშ-ის კონგრესში საბიუჯეტო საკითხებზე დროებით შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა 22 სექტემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის მოკლევადიანი ხარჯების კანონპროექტთან დაკავშირებით, საბიუჯეტო შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი ფედერალურ სააგენტოებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე დააფინანსებს.
ამით კონგრესმა თავიდან აიცილა მთავრობის მოსალოდნელი ნაწილობრივი დახურვა, რომელიც ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისში, 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. 2025 წლის ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება 5 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების ჩატარების შემდეგ მოხდება, ახალი პრეზიდენტისა და კონგრესის განახლებული შემადგენლობით არჩევის შემდეგ, თუმცა განახლებული შემადგენლობის მიერ ოფისის დაკავებამდე.
დროებითი შეთანხმების საფუძველზე, მთავრობის სააგენტოების დაფინანსება ამჟამინდელ დონეზე გაგრძელდება. ცვლილება შეეხო მხოლოდ საიდუმლო სამსახურის დაფინანსებას. მის გასაძლიერებლად, დამატებით $231 მილიონი გამოიყოფა, რის აუცილებლობაზეც რესპუბლიკელები და დემოკრატები, საპრეზიდენტო კანდიდატ ს წინააღმდეგ მკვლელობის ორი მცდელობის შემდეგ შეთანხმდნენ.
წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, სპიკერმა მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელი კოლეგებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ კანონპროექტი მხოლოდ “სრულიად საჭირო” დაფინანსებას მოიცავს და ის “მინიმალური ცვლილებებითაა” წარმოდგენილი. “მართალია, ეს არ არის გამოსავალი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ერჩივნა, მაგრამ ეს გახლავთ დღევანდელ მოცემულობაში წინსვლის ყველაზე გონივრული გზა”, – წერს უმრავლესობის ლიდერი.
კანონპროექტს ამერიკელი კანონმდებლები კენჭს ამ კვირაშივე უყრიან. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის თქმით, “კონგრესი ახლა ორპარტიული გადაწყვეტილების მიღების გზაზეა, რათა თავიდან აიცილოს მთავრობის დახურვა, რომელიც რიგით ამერიკელებს დააზარალებს“.

ასევე დაგაინტერესებთ