აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია, თითქოს ცნობილი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ამ უწყებაში მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საბრინა სინგხმა განუცხადა.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა ჯეს უოტერსმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფმა ტეილორ სვიფტს თანამშრომლობა შესთავაზა. ასევე ტელეკომპანიამ 2019 წელს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ნატოს კონფერენციის კადრები აჩვენა. მაშინ ღონისძიების წამყვანმა ტეილორ სვიფტს „გავლენიანი ადამიანის მაგალითი“ უწოდა.
უოტერსის თქმით, პენტაგონი და ნატო მომღერალთან ინტერნეტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად თანამშრომლობდნენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას შეთქმულების თეორიის ნაწილი უწოდა, რომელიც სჯობს, რომ „ყველამ საკუთარი თავიდან ამოაგდოს“.
ჟურნალმა Time-მა ტეილორ სვიფტი 2023 წლის ადამიანად დაასახელა. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეილორ სვიფტის კაპიტალმა 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.