აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდერი ინვესტორი სტივენ ფაინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე წარადგინა. ფაინბერგი კერძო საინვესტიციო ფონდ Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანადირექტორია. მისი ქონება Forbes-ის მიერ $5 მილიარდად არის შეფასებული. Cerberus Capital Management LP-ის აქტივები 60 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს გარშემო დივერსიფიცირებული პორტფელისგან შედგება.
ფაინბერგი Cerberus Capital Management-ის ფონდ Cerberus Frontier-ის მეშვეობით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უკვე არაერთი წელია ახორციელებს ინვესტიციებს. ფონდის უმსხვილეს პროექტს საქართველოში მდინარე ბახვისწყალზე “ბახვი 1”-ის 10.9-მეგავატიანი, “ბახვი 2”-ის 11.4-მეგავატიანი და “ბახვი 3”-ის 9.8-მეგავატიანი მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა წარმოადგენს. ამასთანავე, Cerberus Frontier-ის პროექტია ლახამის 16-მეგავატიანი ჰესი.
ამასთან, 2017-2021 წლებში ფაინბერგი ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ფონდი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მონაწილეობას განიხილავდა, თუმცა იქამდე, სანამ კონსორციუმსა და Cerberus-ს შორის პროექტში ჩართვაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, საქართველოს სახელმწიფომ კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება რამდენიმე წლით შეაჩერა.
