ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე მიმდინარე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას და მეტ ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას უკრაინის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მხარდასაჭერად.
„დღეს ვაცხადებ მორიგ პაკეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია. მასში შედის დამატებითი რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა უკრაინის F-16-ების მხარდასაჭერად. აქ, რამშტაინში, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში და შექმნას უფრო სამართლიანი და ღირსეული მსოფლიო და ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ხალხისთვის ყველგან, მთელ მსოფლიოში.
„ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა: უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ხალხისთვის ყველგან. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ ავტოკრატებმა ვერ შეძლონ თავიანთი იმპერიული ამბიციები თავისუფალი და სუვერენული ხალხების ფუნდამენტურ უფლებებზე წინ დააყენონ. უკრაინა აწარმოებს სამართლიან ომს თავდაცვისთვის”, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.