აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი 2024 წლის ფისკალური წლისთვის [ამოიწურება 2024-ის სექტემბრის ბოლოს].
„როიტერსის“ ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა რეკორდულ 886 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ბიუჯეტის საბოლოოდ დასამტკიცებლად პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობაა საჭირო. სავარაუდოდ, ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.
კანონპროექტში, მათ შორის, უკრაინისთვისაა დახმარება გათვალისწინებული. თუმცა, მხოლოდ 300 მილიონის ოდენობით – ეს თავდაცვაზე გამოყოფილი თანხის მხოლოდ 0,03 პროცენტია მაშინ, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი სთხოვა. უკრაინისთვის უფრო დიდი დახმარების გამოყოფა რესპუბლიკური პარტიის ნაწილის ოპოზიციის გამო ვერ მოხერხდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა. ვაშინგტონი კიევს ეხმარებოდა იარაღითა და ფინანსური რესურსით, თუმცა შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ბოლო დროს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.