ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხუთშაბათს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალს ეწვია, და ბანაკის ნაწილები ჰოლოკოსტს გადარჩენილ იმ ადამიანებთან ერთად დაათვალიერა, ვინც თავად იყო დაკავებული წამებისა და მასობრივი მკვლელობის ამ ადგილას.
ვენსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი შუამავალია ევროპაში უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ. ვიცე-პრეზიდენტი პარასკევს მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს და მისი დასრულების გზებს შეეხება.
წვიმისა და სუსხიანი ამინდის ფონზე, ვიცე-პრეზიდენტი და მისი მეუღლე, უშა ვენსი, საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი კარიბჭესთან ოფიციალურ პირებს ესაუბრნენ. მემორიალურ მუზეუმში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მივიდა აბა ნაორიც, ჰოლოკოსტის გადარჩენილი ადამიანი, რომელიც დახაუს ბანაკში იყო დაკავებული.
დახაუს მემორიალი ვიცე-პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა (ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს) და მაიკ პენსმაც (ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისას) მოინახულეს.
ვენსმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გვირგვინი წითელ-თეთრ-ლურჯი ლენტით იყო გაფორმებული, რომელზეც ამოტვიფრულია “ჩვენ გვახსოვს” და “ამერიკის შეერთებული შტატები”. მემორიალი 1968 წელს გაიხსნა და მისი ავტორი მოქანდაკე ნანდორ გლიდია, რომელიც ებრაელობის გამო მაშინდელ იუგოსლავიაში ნაცისტების მიერ იდევნებოდა და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო.
დახაუ 1933 წელს დაარსდა, იმავე წელს, როდესაც გერმანიაში ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, ის იყო საკონცენტრაციო ბანაკებს შორის პირველი. ამ ბანაკში 200 000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა მთელი ევროპიდან. 40,000-ზე მეტი პატიმარი იქ საშინელ პირობებში გარდაიცვალა. შეერთებული შტატების ჯარმა დახაუ 1945 წლის 29 აპრილს გაათავისუფლა.
ვენსი ხუთი დღით იმყოფება საფრანგეთსა და გერმანიაში, რაც მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
პარასკევს ვენსი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან. ისინი განიხილავენ ტრამპის მზარდ ზეწოლას უკრაინასა და რუსეთზე, რათა დაიწყონ მოლაპარაკებები, რაც დაასრულებს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტს, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრამპი ოთხშაბათს ცალკე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის. ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეთანხმდნენ, რომ დროა “მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს” ომის დასასრულებლად.
ამასთან, ამერიკის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტურია და აღნიშნა, რომ კიევს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დაიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას და 2014 წლამდე არსებულ საზღვრებს დაუბრუნდება. ნაცვლად ამისა ის, ჰეგსეტის თქმით, მოლაპარაკებების გზით მიღწეული იმ სამშვიდობო შეთანხმებისთვის უნდა მოემზადოს, რომელსაც საერთაშორისო ძალები გაამყარებენ.
დონალდ ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ფიქრობს, რომ ეს შეფასება სწორია, თუმცა მან თავი შეიკავა იმის თქმისგან, უნდა იყოს თუ არა უკრაინა თანასწორი პარტნიორი, თუ ამერიკა და რუსეთი განაგრძობენ უფრო სიღრმისეულ მოლაპარაკებებს ომის დასასრულებლად.
ზელენსკისთან შეხვედრის გარდა, ვენსი პარასკევს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვა.
ევროპაში მიმდინარე ომი და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მსოფლიო ლიდერების შეხვედრის მთავარი საკითხებია.
ვენსი, როგორც ტრამპი, მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების მოკავშირეებს, რომლებიც, ადმინისტრაციის შეფასებით, თავდაცვით ხარჯებზე საკმარის თანხებს არ გამოყოფენ.
“ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენ ბევრს ვზრუნავთ ევროპაზე”, – განაცხადა ვენსმა ამ კვირაში ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას. “მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ ვიყოთ ჩართულნი უსაფრთხოების პარტნიორობაში, რომელიც სასარგებლოა როგორც ევროპის, ასევე – შეერთებული შტატებისთვის.”
სამი წლის განმავლობაში 50-მა ქვეყანამ, რომლებიც “უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის” სახელით მოქმედებდნენ, ერთობლივად უკრაინას 126 მილიარდ დოლარზე მეტი იარაღი და სამხედრო დახმარება მიაწოდა, მათ შორის 66,5 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკამ, რომელიც ჯგუფის შექმნის დღიდანვე მისი თავმჯდომარეა.
დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას გააკრიტიკა უკრაინისთვის გაწეული ამერიკის უზარმაზარი სამხედრო დახმარება და პირობა დადო, რომ დაასრულებდა კონფლიქტს თეთრ სახლში დაბრუნებიდან 24 საათში.
ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა განაცხადეს, რომ ომი დაახლოებით ექვს თვეში უნდა დასრულდეს.
