ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში ის ოჯახთან: მეუღლესა და სამ შვილთან ერთად მივიდა.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ერევნიდან გაფრენამდე ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. ჯეი დი ვენსმა მადლიერება გამოხატა მისი მასპინძლის – სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც “ასეთი ვიზიტი შესაძლებელი გახადა” და რომელმაც მოახერხა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა აღნიშნა, რომ სომხეთში გატარებული 24 საათი პროდუქტიული იყო:
“ვფიქრობ, კეთილდღეობა არის მამოძრავებელი საკითხი როგორც სომხეთისთვის, ისე ამერიკის ხალხისთვის. მოხარულები ვართ, რომ აქედან გავაგრძელებთ აზერბაიჯანში. ცხადია, პრეზიდენტის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ მშვიდობის შენარჩუნება არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, რომ მასზე დაფუძნებით უზრუნველყოფით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების სიცოცხლისუნარიანობისთვის”.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ზრუნავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ეფექტიანობაზე.
ჯეი დი ვენსს ჰკითხეს რატომ იყო მნიშვნელოვანი სომხეთში ყოფნისას, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვიცეპრეზიდენტი აღიარებს სომეხთა გენოციდს, რაზეც ჯეი დი ვენსმა უპასუხა:
“ხვალ აზერბაიჯანშიც ვაპირებთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადგილის მონახულებას. როცა სომხებს ვკითხეთ, გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენთვისო. აშშ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ვარ, რომელიც სომხეთში ჩამოვიდა. გვთხოვეს ამ ადგილის მონახულება. ცხადია, საშინელი რამ მოხდა 100 წელზე ცოტათი მეტი ხნის წინ და ეს უბრალოდ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის კულტურული თვალსაზრისით. ასე რომ, ვიფიქრე, როგორც მსხვერპლის, ისე სომხეთის მთავრობის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და პრემიერმინისტრ ფაშინიანის პატივისცემის ნიშნად, მსურდა იქ მისვლა და პატივისცემის გამოხატვა”.
ვიცეპრეზიდენტ ვენსს ჰკითხეს გრენლანდიაზეც – რას მიიღებს აშშ მოლაპარაკებებიდან ისეთს, რაც მას აქამდე არ გააჩნდა. ვენსმა შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ “გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, ზოგიერთმა ჩვენმა მოკავშირემ საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო არქტიკის უსაფრთხოებაში და თუკი ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციას არქტიკის უსაფრთხოებაში, თუკი უამრავ ფულს დავხარჯავთ და პასუხისმგებლობას ავიღებთ მიწის ამ მასის დაცვაზე, ვფიქრობ ლოგიკური იქნება, აშშ-მა მიიღოს გარკვეული სარგებელი ამისგან. ამისკენ იქნება მიმართული მოლაპარაკებები მომდევნო თვეებში”.
შეკითხვა დაისვა აგრეთვე მომავალ კვირაში დაგეგმილ “მშვიდობის საბჭოს” შეხვედრაზეც. ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ სამიტი შედგება და მასში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. ვენსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოხარულია უმასპინძლოს ლიდერებს მთელი მსოფლიოდან:
“ვფიქრობ, მშვიდობის საბჭო ნამდვილად იქნება ახალი არქეტიპი იმისა, როგორ უნდა შეიქმნას და შენარჩუნდეს მშვიდობა 21-ე საუკუნეში. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც გაერო. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაერო ძალიან ხშირად სრულად ვერ იყენებდა თავის პოტენციალს. ვფიქრობ, ის ცდილობს ამ მშვიდობის საბჭოთი შექმნას მდგრადი მშვიდობა ღაზასა და შუა აღმოსავლეთში. ვფიქრობ, მან [საბჭომ] შესაძლოა შექმნას ერთგვარი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიგვიყვანს უამრავ განგრძობად სამშვიდობო შეთანხმებამდე მომდევნო წლებში”.
სომეხი პატიმრების საკითხის წამოჭრაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ნამდვილად დაისმება” და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს “ძალიან კარგი ურთიერთობა” აქვს ორივე ქვეყნის (სომხეთისა და აზერბაიჯანის) ლიდერებთან:
“გუშინ პრემიერმინისტრისგან მოვისმინე, რომ ის ოპტიმისტურად უყურებს სამშვიდობო შეთანხმებას იმის კვალობაზე – სად ვიყავით მანამდე და სად ვართ რამდენიმე თვის შემდეგ. ასე რომ, ნამდვილად ვაპირებთ რიგი თემების წამოჭრას და გავაგრძელებთ ძალიან წარმატებულ საქმიანობას აზერბაიჯანელებთან და სომხებთან”.
ჯეი დი ვენსმა ილაპარაკა სომხეთში ამერიკულ ინვესტიციებზეც – უკვე განხორციელებულსა და პერსპექტიულზეც. განმარტა, რომ რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია მხოლოდ ერთი ნაწილია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში:
“რაზეც ვმუშაობთ შეხვედრებზე, არის უამრავი ინვესტივია, რომელიც შემოვა სომხეთში, პრეზიდენტ ტრამპსა და პრემიერმინისტრ ფაშინიანს შორის დადებული კარგი გარიგებების საფუძველზე. ერთ-ერთი შეეხება იმას, რომ შეიქმნება ძალიან დიდი მონაცემთა ცენტრი, რომელიც როგორც ვიცი, დაწყებულია – მონაცემთა ცენტრი, რომელსაც შეუძლია 4 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა სომხეთში. ის შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს ამერიკელებისთვის. ასე რომ, ეს არის კლასიკური გამარჯვება. თქვენ უკვე ხედავთ მნიშვნელოვან ინვესტივიას სომხეთში და მოველით, რომ ეს გაგრძელდება”.
10 თებერვალს, დილით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა და მეორე ლედიმ მოინახულეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი, სადაც მათ მასპინძლობა გაუწია სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ედიტა გზოიანმა.
ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთს 9 თებერვალს, ოჯახთან ერთად ეწვია. ორშაბათსვე, სომხეთსა და აშშ-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე.




