„ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი შეხვდა. ინფორმაციას, რომელსაც თან ერთვის შეხვედრის ამსახველი ფოტო, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ“, – წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის ელჩი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც შეხვდა. საელჩოს ფეისბუკგვერდზე შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის ქვეშ უკმაყოფილო ადამიანები კომენტარებს ტოვებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 28 ნოემბრიდან იკავებს, მას ამ დრომდე არ შეხვედრია აშშ-ის ელჩი.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ირაკლი კობახიძემ მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა – აქციები ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა სისხლის სამართლის წესით, ასობით ადამიანი კი ადმინისტრაციული წესით.
ფორუმი
