აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის წინააღმდეგობრივ შესაძლებლობებს იძლევა — ამის შესახებ „მარანი ოდა“-ს დამფუძნებელმა ქეთო ნინიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. ნინიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში გადასახადები გაიზარდა და პროდუქციის შეტანა გაძვირდა, ნიშური მეღვინეობებისთვის ბაზარი კვლავ პერსპექტიულად რჩება.
„ღვინის მიმართულებით, ჩვენი მთავარი ბაზარი ამერიკაა, სადაც ჩვენი კომპანიის ექსპორტირებული ღვინის 50% მიდის. მართალია, ამერიკაში ექსპორტიორებს გადასახადები მოემატათ, მათ შორის საქართველოდან შეტანილ პროდუქტზეც, მაგრამ იქაური სპეციალისტების ცნობით, ქართული ღვინო, განსაკუთრებით ნიშური და მცირე მეღვინეობების პროდუქცია, იმედის მომცემად ფასდება“, — განაცხადა ნინიძემ.
„მარანი ოდა“ ამერიკის ბაზარზე ღვინოს უკვე 15 შტატში ყიდის. მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი ყოველწლიურად 6000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ძირითადად დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშების — ოჯალეშის, ორბელურ ოჯალეშის და იმერული ძელშავის წარმოებაზეა ორიენტირებული.
ნინიძის თქმით, აშშ-ში ბოლო წლებში ღვინის საერთო მოხმარება ოდნავ შემცირდა, თუმცა გაიზარდა საშუალო და მაღალი სეგმენტის პროდუქციის რეალიზაცია. „ამიტომ ბაზარი ერთდროულად რთულიცაა და პერსპექტიულიც — ძალიან ამბივალენტურია“, — ამბობს ის.
