აშშ-ის ქვეყნის შეიარაღებულა ძალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში. ამის შესახებ იტყობინებოდა ამ ქვეყნის მედია ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, 2 თებერვალს.
ეს თავდასხმები პასუხია იორდანიაში დრონით თავდასხმაზე 28 იანვარს, როცა სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა თავდასხმების ფაქტი და განაცხადა, რომ მისმა ძალებმა „საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ და მასთან დაკავშირებული მეამბოხეთა ჯგუფების ძალებზე.
„აშშ-მა დარტყმა მიაყენა 85-ზე მეტ სამიზნეს, გამოიყენა ბევრი თვითმფრინავი, მათ შორის შორი მოქმედების ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-დან გაფრინდნენ.“ სარდლობის თანახმად, „ობიექტები, რომლებზეც თავდასხმები მოხდა, მოიცავს მეამბოხეთა და მათი სპონსორების – გუშაგთა კორპუსის სამეთაურო და სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტების, დრონების და ამუნიციის საწყობებს, ასევე ლოგისტიკის და მომარაგების ობიექტებს“ – წერია ცნობაში.
სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ „ამერიკის აგრესიამ“ გამოიწვია მრავალრიცხოვანი მსხვერპლი სირიის ერაყთან მომიჯნავე რეგიონში.
ლონდონში დაფუძნებული Syrian Observatory for Human Rights-ი, რომელთაც ფართო კავშირები აქვს სირიაში, აცხადებს, რომ სირიაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოკლულია ექვსი პროირანული სამხედრო. ორგანიზაცია იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა სირიის აღმოსავლეთში, ალ მაიადინას არეალში.
ამავე ცნობით, მოკლულთაგან სამი „არასირიელია“.
პენტაგონმა ადრე განაცხადა, რომ იორდანიაში სისხლიანი თავდასხმა ატარებდა ირანის მხარდაჭერით ერაყში მოქმედი „ქათაიბ ჰიზბალას“ კვალს და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს პასუხს მოსთხოვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოპოზიციის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირა ირანის წინააღმდეგ იორდანიაში თავდასხმის შემდეგ. ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ თავდასხმაზე რეაგირების გადაწყვეტილება მიიღო და დასძინა: „არა მგონია, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური ომი გვჭირდებოდეს. ეს არაა, რისკენაც ვისწრაფვი“. 2 თებერვალს ბაიდენი დაესწრო იორდანიაში დაღუპული სამი სამხედროს ნეშტის დაბრუნებას აშშ-ში, დელავერის შტატში, დუვრის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.