ორი დღის განმავლობაში მიმდინარე რიგით მეექვსე შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა შედგა კონსტრუქციული დიალოგისთვის – „მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის“ გზაზე წინ წაწევის მიზნით. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შეხვედრა ფლორიდაში იმართება.
ორი დღის განმავლობაში, ერთმანეთს ხვდებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი [ტრამპის სიძე], უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.
განცხადების თანახმად, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ დარეგულირების პროცესში უკრაინისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, უკრაინელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილური ნიადაგის შექმნა დემოკრატიული მომავლისთვის.
მონაწილეებმა განიხილეს ასევე ამერიკისა და რუსეთის მხარეებს შორის ახლახან გამართული შეხვედრის შედეგები და „ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ამ ომის დასრულება შეუძლია“.
„ამერიკელები და უკრაინელები ასევე შეთანხმდნენ უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე და განიხილეს მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელი შეკავების შესაძლებლობები. ორივე მხარე თანხმდება, რომ ნებისმიერი შეთანხმებისკენ რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე – გამოხატოს რეალური ერთგულება ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიმართ, დეესკალაციისა და მკვლელობების შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯების ჩათვლით“, – ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განსახილველად, ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკება ფლორიდის შტატში გაიმართა 30 ნოემბერსაც. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. შეხვედრაში მონაწილეობდენ ასევე უიტკოფი და კუშნერი.
ორი დღის შემდეგ კი, 2 დეკემბერს, კრემლში გაიმართა მოლაპარაკებები – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მისი თანაშემწის- იური უშაკოვის, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის მონაწილეობით. ისინი სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდებოდნენ.
კრემლში 2 დეკემბერს გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა, რომ განიხილეს სამშვიდობო გეგმის არსი და არა კონკრეტული წინადადებები, ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს, მუშაობა გაგრძელდება და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შინაარსს არ გაასაჯაროებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას ომის დასრულება სურს. თუმცა, ტრამპის თქმით, ვერ იტყვის, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან „ტანგოს ორი სჭირდება“.
ფორუმი




