აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რომში გაიმართება. ეს ცნობა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა.
„მივიღეთ თხოვნა დაინტერესებული მხარეებისგან, ომანიდან, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს და ჩვენ დადებითი პასუხი მივეცით“, – განაცხადა ტაიანიმ, იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს თანახმად.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარის მიხედვით, იტალია 19 აპრილს უმასპინძლებს ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლებს, შუამავლის როლს კი ამ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში კვლავ ომანი შეასრულებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისა და შუა აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილ სტივ უიტკოფის მოლაპარაკებები 12-13 აპრილს ომანში გაიმართა და ის მხარეებმა შეაფასეს, როგორც „დადებითი“ და „კონსტრუქციული“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების არაპირდაპირი (შუამავლის მონაწილეობით) ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ვინაიდან „პირდაპირი მოლაპარაკებები ვითარებაში, როცა ერთი მხარე ავტორიტარულ მიდგომას ირჩევს და იყენებს მუქარისა და ძალის ენას, არც სასარგებლოა და არც მისაღები ისეთი მხარისთვის, როგორიც ირანის ისლამური რესპუბლიკაა და არც შედეგის მომტანი არ იქნება“.
თეირანი ადასტურებს, რომ რომში მოლაპარაკებების რაუნდამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა.
16 აპრილს ირანში ჩადის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური მდივანი რაფაელ მარიანო გროსი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი. ირანი მრავალი წელია ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზანს ემსახურება და სურს სანქციებისგან გათავისუფლება.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვით იმუქრება.
ფორუმი
